აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება 20 წლით გახანგრძლივდა - Palitra News

აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება 20 წლით გახანგრძლივდა

2026-05-19 13:36:48+04:00

აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება 20 წლით გახანგრძლივდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი გაფორმდა. რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას; აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს. ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულებით საქართველო გაზს ორი შეთანხმებით იღებს: ერთი ე.წ. ოფციური გაზია და აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით გატარებული გაზის 5%-ს შეადგენს, ხოლო მეორე - დამატებითი გაზი, რაც ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. სწორედ, ამ შეთანხმებას გასდის ვადა 2026 წლის ბოლოს და შესაბამისად 20 წლით მისი გახანგრძლივება მოხდა.