სახელმწიფო შესყიდვებში ასეულობით უცხოური კომპანია მონაწილეობს, თუმცა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება ჯამური მაჩვენებლის მხოლოდ 1,3%-ია - Palitra News

სახელმწიფო შესყიდვებში ასეულობით უცხოური კომპანია მონაწილეობს, თუმცა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება ჯამური მაჩვენებლის მხოლოდ 1,3%-ია

2026-05-19 13:38:36+04:00

სახელმწიფო შესყიდვებში ასეულობით უცხოური კომპანია მონაწილეობს, თუმცა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება ჯამური მაჩვენებლის მხოლოდ 1,3%-ია. ვნახოთ დეტალურად. 2025 წელს, ტენდერების შედეგად არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 70 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ტენდერებით გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულების 1.3%-ს შეადგენს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის ანგარიში იუწყება. ამავე მონაცემების მიხედვით, გასულ წელს მათ სისტემაში 85 ქვეყნის 2 787 არარეზიდენტი მიმწოდებელი იყო რეგისტრირებული. ამასთან, ანგარიშის თანახმად, არარეზიდენტ მიმწოდებლებში ყველაზე მეტი - 437 კომპანიით, თურქეთი ლიდერობს, 391-ი უკრაინული კომპანიაა, ხოლო რუსეთის ფედერაცია - 221 კომპანიით არის წარმოდგენილი. მათ გარდა, სახელმწიფო ტენდერებში კომპანიები მონაწილეობენ აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 5 მილიარდ 266 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაფორმფა, აქედან 98.7% ადგილობრივ კომპანიებთან, ხოლო უცხოურ კომპანიებზე, როგორც უკვე გითხარით გაფორმებული ხელშეკრულებების მხოლოდ 1.3%, რაც დაახლოებით 70.5 მლნ ლარია. 2025 წელს სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 6 მილიარდ 380 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აქედან, 4, 5 მილიარდი ლარის შესყიდვა განხორციელდა ღია ელექტრონული ტენდერით, ხოლო 1 მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით გაიცა.