2022-2024 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატების ხარჯები 64.8%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანგარიშშია ნათქვამი. „შრომის ანაზღაურების ხარჯებში სახელფასო დანამატების და პრემიების მოცულობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ელექტრონულ პორტალზე. თუმცა, 2025 წლის მონაცემები ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული. 2024 წლის ჩათვლით არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ხელფასების ზრდის კვალდაკვალ, მნიშვნელოვნად იზრდება სახელფასო დანამატების და პრემიების მოცულობაც. მაგალითად, 2021 წლიდან 2024 წლამდე საბაზისო სარგო თუ გაიზარდა 33%-ით, პრემიებისა და სახელფასო დანამატების ხარჯები გაზრდილია ჯამში 64.8%-ით“, - ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, ანგარიშში თანდართული გრაფიკის მიხედვით, თუ 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სახელფასო დანამატების მოცულობა 282 მლნ ლარზე მცირედით მეტს შეადგენდა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა უკვე 473 მლნ ლარს გადააჭარბა. ცნობისთვის, ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022-2025 წლებში საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 72%-ით, კერძო სექტორში კი 65%-ით გაიზარდა. IDFI-ს ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი, სწორედ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა.