თაზო დათუნაშვილი - პრემიერის საქმე სხვა ქვეყნის პროცესებზე აღშფოთება არ არის, მოქალაქეებს ელექტროენერგია 33%-ით, საწვავი კი ლარზე მეტით გაუძვირდათ, ამიტომ ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“ და ეს „დანიის სამეფო“ საქართველოა დღეს - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - პრემიერის საქმე სხვა ქვეყნის პროცესებზე აღშფოთება არ არის, მოქალაქეებს ელექტროენერგია 33%-ით, საწვავი კი ლარზე მეტით გაუძვირდათ, ამიტომ ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“ და ეს „დანიის სამეფო“ საქართველოა დღეს

2026-05-19 20:13:21+04:00

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დანიის სამეფოში მიმდინარე პროცესები ნაკლებად აინტერესებთ და მთავარი ყურადღება ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზეა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს, მაშინ, როცა მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და საწვავის გაძვირება, ასევე, კორუფციის საკითხები აწუხებთ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან დანიის თემაზე გაკეთებული განცხადებები „შოკის ეფექტის“ შექმნას ემსახურება.

„დანიის კადრების კომენტირება არ არის ჩემი საქმე. მე პოლიტიკოსი საქართველოში ვარ, ისე როგორც პრემიერ-მინისტრის საქმე არ არის აღშფოთება იმ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სადაც კანონი რამდენიმე საუკუნეა არსებობს. სასაცილოა ნამდვილად. იმისთვის აკეთებს ამ ყველაფერს, რომ შოკის ეფექტი შექმნას. არავის აინტერესებს, რა მოხდა დანიის სამეფოში. ვინმეს თუ აინტერესებს, რამე დალპა თუ აყროლდა, შეუძლია „ჰამლეტი“ წაიკითხოს. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ ის, რომ 33%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგიის საფასური. აინტერესებთ ის, რომ ლარზე მეტით გაუძვირდათ საწვავის საფასური. ამიტომ, ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“ და „ დანიის სამეფო“ ჩვენთან, აქ ხდება, ჩვენს თვალწინ და საქართველოა დღეს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება და მოსახლეობისთვის მთავარი საკითხი კვლავ ფასების ზრდაა.

„გამოვიდა და სიგიჟე თქვა: "დანიაში, რაღაცას აკეთებენ. მათ არაფერს ეუბნებით და ჩემგან ითხოვთ? - ვერ ეღირსებით!" ეს თქვა, იმისთვის, რომ მთელ საზოგადოებას შოკი მოჰგვაროს და მოიცვას მთელი საინფორმაციო სივრცე. ვერ მოიცავს, რადგან, საქართველოს მოქალაქეები ფასების დაკლებას ელოდებიან“,- განაცხადა დათუნაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, დანიაში, კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, თუმცა, მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ საკითხს სასამართლო გამოიძიებს და პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

„შეიძლება დანიაში პოლიციამ ძალას გადააცილა, ოღონდ, რატომ არავინ არაფერს ეუბნება დანიას? იმიტომ, რომ მთელ ევროპას დანია გამოცდილი ჰყავს იმაში, რომ კანონის უზენაესობა არსებობს, ანუ სასამართლო დაადგენს რა მოხდა, რომელმა პოლიციელმა, ვისი ბრძანებით გადააცილა უფლებამოსილებას და ასეთი ადამიანი დაისჯება. ასე ხდებოდა დანიაში ათწლეულების მანძილზე და არავის არ აქვს იმის განცდა, რომ ასე არ მოხდება ხვალაც“, - აცხადებს დათუნაშვილი.