დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხზე საპატრიარქო პროცესში ერთვება - პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ხელისუფლებასთან კომუნიკაციაც დაიწყება. მშობლებმა შეხვედრა შინაარსიანად და შედეგზე ორიენტირებულად შეაფასეს. მათი თქმით, საუბრის დროს კიდევ ერთხელ განიხილეს დაავადების თავისებურებები, მკურნალობის არსებული შესაძლებლობები და უსაფრთხო მედიკამენტებთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება იმაზეც გამახვილდა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი, მათი შეფასებით, არასრული ან მცდარია. შეხვედრაზე თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება დაიგეგმა, მათ შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და შესაძლო ფონდის შექმნის საკითხებიც. საპატრიარქომ მზადყოფნა გამოთქვა, პროცესში ექიმებთან, შესაბამის პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიურად ითანამშრომლოს. ასევე გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, სადაც მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები.