შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივა პოლიტიკური დავის საგანი გახდა - ახალი სტრუქტურა მოქალაქეების საჯარო განცხადებებს პოლარიზაციის, შუღლისა და სიძულვილის ენის ნიშნებით შეაფასებს.
ინიციატივის მიხედვით, უწყება საჯარო სივრცეში გავრცელებულ განცხადებებს დააკვირდება და შესაბამის ანალიზს ჩაატარებს.
ოპოზიციური პარტიები ინიციატივას კრიტიკით ხვდებიან და აცხადებენ, რომ მსგავსი მექანიზმი ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვასა და ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება.
ოპონენტების შეფასებით, ახალი სტრუქტურა „მორალის პოლიციის“ მოდელს ჰგავს და გამოხატვის თავისუფლებისთვის რისკებს ქმნის. მათი პოზიციით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვა კონსტიტუციით დაცული უფლებაა, ხოლო მსგავსი ინსტრუმენტის ამოქმედებამ შესაძლოა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ხარისხი კიდევ უფრო შეამციროს.