დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხზე საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფის შექმნა და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დაწყება გადაწყდა. შეხვედრაში ბავშვების მშობლები და საპატრიარქოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სადაც დაავადებასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევები დეტალურად განიხილეს.
საუბრის მთავარი ნაწილი შეეხო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თავისებურებებს, მკურნალობის არსებულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხო მედიკამენტებთან დაკავშირებულ საკითხებს. მშობლებმა შეხვედრა შინაარსიანად და შედეგზე ორიენტირებულად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ განხილვამ დაავადების მქონე ბავშვების საჭიროებების უკეთ წარმოჩენას შეუწყო ხელი.
საპატრიარქოს პოზიციით, ამ პროცესში ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებაა დაგეგმილი, რათა დაავადების მქონე ბავშვებმა შესაბამისი მხარდაჭერა მიიღონ. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ შედეგად სამუშაო ჯგუფის ფორმირება დასახელდა, რომელშიც მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ჯგუფმა საკითხზე კოორდინირებული მუშაობა და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია უნდა უზრუნველყოს.