ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოში მიიღება, ერთი კაცის ნება-სურვილზეა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა ლევან ხაბეიშვილის საქმე, რომელზეც დღეს განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
როგორც გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს და ძნელია იმის პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მოლოდინზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, რეალურად სასამართლო რომ გაგვაჩნდეს. ვხედავთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში მიიღება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები რეალურად ამტკიცებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. არასამართლიანი სასამართლო კი არ არსებობს, არამედ ზოგადად, სასამართლო არ არსებობს. ამიტომ, მოლოდინებზე საუბარი ზედმეტია. ერთი რამ ნათლად გამოჩნდა - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოში მიიღება, ერთი კაცის ნება - სურვილზეა, ეს არის მისი პოლიტიკური და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ვსაუბრობ ოლიგარქ ივანიშვილზე. დღევანდელი სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს“, - განაცხადა ბოტკოველმა.
მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომელიც შეიძლება ადამიანმა ეთერით გააკეთოს, შესაძლოა, გამოძიების დაწყების საფუძველიც გახდეს.
„ქვეყანაში სასამართლო კი არა, სამართლიანობა არ არსებობს. არ არსებობს სტრუქტურა, სადაც შეიძლება სამართლიანობა ნახო. ამიტომ, მთავარი გამოსავალი არის ერთი რამ, ადამიანების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება იმისთვის, რომ ჩვენ დავამარცხოთ ოლიგარქი ივანიშვილი და ქვეყანაში სამართალი აღდგეს“, - განაცხადა ბოტკოველმა.
ცნობისთვის, მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზეა დანიშნული.