სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: 26 მაისს ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ვიქნებით იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი არჩევნები და გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარტია „ოპოზიციის ალიანსთან“ ერთად ერთიანია ორ მთავარ მოთხოვნაში, რაც ეხება „პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნას და ახალი არჩევნების ჩატარებას“.
„ალიანსი არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება განსხვავებული კამპანია გვქონდეს 26 მაისამდე, თუმცა ვახდენთ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების მობილიზებას იმისთვის, რომ ოპოზიციამ ძალა მოიკრიბოს და ერთად შევეცადოთ მივიღოთ ახალი არჩევნები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები. პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების გარეშე, ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაცია ვერ მოხდება. ამას ყველა ვეთანხმებით. ცხადია, ჩვენ ვართ ერთად პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნაში და ერთად ახალი არჩევნების მისაღებად“,-განაცხადა ფარულავამ.
ამასთან, მან განმარტა, ესწრებოდა თუ არა 18 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა“.
ლაშა ფარულავას თქმით, პარტიის წარმომადგენელი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა მუდმივ სამუშაო პროცესში არიან ჩართული.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, 26 მაისს ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ვიქნებით იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი არჩევნები და გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები. ეს არის საკითხი, სადაც ყველა ერთიანები ვართ. ცხადია, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების გარეშე, ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაცია არ და ვერ მოხდება. რაც შეეხება ლოჯისტიკურ საკითხებზე ტექნიკურ შეხვედრებს, ჩვენი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა, ჩვენ ვართ მუდმივ სამუშაო პროცესში და „ჭიქაში ქარიშხალი“ ნუ იქნება იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს“,- განაცხადა ფარულავამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციური ალიანსისგან“ გამოყოფილი არ არის.
„ჩვენ ვართ ერთიანები. დემოკრატიული ოპოზიცია, მათ შორის ალიანსის სუბიექტები არიან ერთიანი ორ მთავარ მოთხოვნაში, ეს არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. ამასთან დაკავშირებით ერთიანი 6-პუნქტიანი შეთავაზება მომზადდა, თუ რას ვეძახით ჩვენ არჩევნებს და მეორე, როგორ უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები. ამასთან დაკავშირებით, 26 მაისს უფრო მეტს ვისაუბრებთ. ჩვენ ამ საკითხებთან მიმართებით ერთიანები ვართ“,-განაცხადა ფარულავამ.