დანიას ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ისტორია აქვს - დანიის ხელისუფლებამ ათწლეულების განმავლობაში, 90-იანი წლების ჩათვლით, გრენლანდიის ქალი მოსახლეობის ნახევრის იძულებით და მოტყუებით სტერილიზაცია განახორციელა - ეს მაშინ, როცა დანია უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყო! გარდა ამისა, დანია გრენლანდიელ ბავშვებზე სოციალურ ექსპერიმენტებს ატარებდა - სამწუხაროა, როცა ასეთი ქვეყნის წარმომადგენლები შემდეგ სხვებს ესაუბრებიან რაიმე სტანდარტებზე, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში „პოლიციის მიერ მშვიდობიანი მიტინგების დარბევა“ გამონაკლისი არ არის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, „ეს დარბევა გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ“.
„ვისურვებდი, ბრიუსელის ჩინოვნიკები ევროკავშირში ადამიანის უფლებების მდგომარეობას სერიოზულად მიუდგნენ. ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ - აშშ-ისგანაც მწვავე კრიტიკა მიიღეს - ვხედავთ, რომ ევროკავშირში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ეს გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
კოპენჰაგენი გამონაკლისი არ არის. ჩვენ მშვიდობიანი მიტინგების დარბევის იგივე სურათი ვიხილეთ ბერლინში, პარიზსა და სხვა დედაქალაქებში. კოპენჰაგენში განსაკუთრებული ბრუტალურობა იყო, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ხელკეტებითა და ძაღლებით დაარბიეს მაშინ, როდესაც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
როგორც ჩანს, დანიის პოლიცია არ აპირებს, რომ ეს დარბევა გამოიძიოს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ.
ერთ საკითხს გავიხსენებ, რაზეც ადრეც ვისაუბრე - დანიას ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მძიმე ისტორია აქვს. დანიის ხელისუფლებამ ათწლეულების განმავლობაში, 90-იანი წლების ჩათვლით გრენლანდიის ქალი მოსახლეობის ნახევრის იძულებით და მოიტყუებით სტერილიზაცია განახორციელა - ეს მაშინ როცა დანია უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყო! გარდა ამისა, დანია გრენლანდიელ ბავშვებზე სოციალურ ექსპერიმენტებს ატარებდა, რომლებსაც ოჯახებიდან იტაცებდნენ, უკრძალავდნენ მშობლიურ ენაზე საუბარს და იყო სოციალური ექსპერიმენტი, რომ ჭეშმარიტ დანიელ მოქალაქეებად აღეზარდათ. ეს სისტემა ზოგიერთი გრენლანდიელი პოლიტიკოსის მხრიდან შეფასებული იქნა, როგორც გენოციდი, რაც დღემდე გამოძიებული არ არის. დანიაში არავინ არის დასჯილი გენოციდთან გათანაბრებული და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.
სამწუხაროა, როცა ასეთი ქვეყნის წარმომადგენლები შემდეგ სხვებს ესაუბრებიან რაიმე სტანდარტებზე.
ჩვენ თავი უნდა გავითავისუფლოთ კომპლექსებისგან, რომლის თავს მოხვევას ქართველი ხალხისთვის წლების განმავლობაში ცდილობდნენ - თითქოს ჩვენ ვართ მეორეხარისხოვანი და ბოლომდე არა განვითარებული ერი, თითქოს დანიამ, გერმანიამ და სხვა ქვეყანამ უნდა გვასწავლოს როგორია სწორი ცხოვრება, სწორი ევროპელობა და როგორ არის სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლით ყველას რას ნიშნავს ევროპელობა და რას ნიშნავს ადამიანის უფლებები!
ჩვენ უნდა მოვიცილოთ გარედან ძალად მოხვეული კომპლექსი, რომ ჩვენ ვართ მოწაფეები და ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები კლასის დამრიგებლებად გვყვანან, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და დღემდე ეს საკითხები გამოძიებული არა აქვთ. დანიაში დღემდე არავინ არის დასჯილი სისტემური დანაშაულისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ დანიაში ხდებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.