დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით განახორციელებს შესაბამის პროექტებს.
„ზამთრის სეზონიდან მოყოლებული უამინდობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ დედაქალაქში ძალიან დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, რომლებიც დაზიანებულია და აუცილებელ ჩარევას საჭიროებს. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი აღნიშნული მიმართულებით, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, განსაკუთრებით ღამის საათებში, არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ შიდა საუბნო გზებზეც მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მასშტაბით იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას, ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება სამუშაოები, რასაც ახლავს გარკვეული დისკომფორტი ხმაურის სახით, თუმცა ეს არ იქნება ხანგრძლივად. იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში გზის გადაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს, თან სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდება, შესაბამისად, მუშაობა მხოლოდ ღამის საათებში მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.