პეტერ ფიშერი კახა კალაძის „სამძიმრის წერილზე“ - ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა, ეს რჩევა შეგიძლია მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგან - Palitra News

პეტერ ფიშერი კახა კალაძის „სამძიმრის წერილზე“ - ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა, ეს რჩევა შეგიძლია მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგან

2026-05-20 13:06:48+04:00

ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა. ეს რჩევა შეგიძლია მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგან, - ასე პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში გერმანიასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.

რაც შეეხება გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს, ფიშერი აღნიშნავს, რომ „ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ჯერ გამოცხადდა“.

„ეს ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებაა, ამ ქალაქს თავისი მერია ჰყავს, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არის არჩეული. მესმის, რომ ქალაქ ზაარბრიუკენის მერიას ჰყავს გერმანიის მთავრობა, რომელიც შეშფოთებულია დემოკრატიული უკუსვლით, იმ ფაქტით, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს. ეს სამძიმრის წერილი, რომელიც ამბობს, რამდენად ცუდად არის საქმე გერმანიაში, რომელიც იმართება „დიფ სთეითის“ მიერ, არაფორმალური ოლიგარქების მიერ, ის ფაქტი, რომ მსგავსი ნარატივები საქართველოში არსებული ამგვარი წრეებიდან მოდის, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მთავრობას საქართველო ევროკავშირისგან შორს მიჰყავს. ასევე პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი ევროკავშირის ლიდერებისადმი, რომელიც ზუსტად იმავე შინაარსისაა, რომ „ჩვენ, ქართველები ვართ ნამდვილი ევროპელები, ხოლო თქვენ ყველანი ცუდები ხართ და უკან მიდიხართ“.

ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა. ეს რჩევა შეგიძლია, მიიღოთ ჩემგან როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგან. მე ვერ ვხედავ ნაბიჯებს წინ, მე ვხედავ საპირისპირო მიმართულებით, ევროკავშირისგან გადადგმულ ნაბიჯებს. ეს წუხილს და იმედგაცრუებას იწვევს გერმანიის მთავრობაში. საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან. ჩვენ გვსურს, რომ ეს სამი სახელმწიფო ერთად დაწინაურდეს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს ასე არ ხდება“, - განუცხადა პეტერ ფიშერმა „ტვ პირველს“, რომლის თარგმანსაც აღნიშნული ტელეკომპანია ავრცელებს.

ცნობისთვის, 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს, - ინფორმაციას Saarbruecken Zeitung-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის მერის, უვე კონრადტის ოფისის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის წინადადებას ზაარბრიუკენის საქალაქო საბჭოზე გაიტანენ. მერი დაძმობილებულ ქალაქ თბილისთან ყველა კონტაქტის შემდგომ შეტყობინებამდე შეჩერების რეკომენდაციას იძლევა. გამოცემა წერს, რომ ამ რადიკალურ ნაბიჯს მყარი მიზეზები აქვს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

ქალაქ ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტასთან დაკავშირებით, გერმანელ ხალხს „სამძიმრის წერილით“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართა. ის აცხადებს, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება“.

კალაძის თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული და პარტნიორული კავშირები ზიანდება. თბილისის მერი ასევე წერს, რომ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო, გერმანია პრაქტიკულად, ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ.