დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტრომ ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა - Palitra News

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტრომ ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა

2026-05-20 16:29:14+04:00

2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა.

ბაზრის კვლევა 25 მაისს 12:00 საათზე დასრულდება.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ბაზრის კვლევა კვლავ 1 801 000 ერთეულზეა გამოცხადებული. ამასთან, როგორც ირკვევა, მიწოდება სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს 301 ათასი ერთეულის მიწოდებას 25 აგვისტომდე. მეორე ეტაპი მოიცავს 600 ათასი ერთეულის მიწოდებას 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე ეტაპი 900 ათასი ერთეულის მიწოდებას 30 ნოემბრამდე.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ბაზრის კვლევა პირველად 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა. კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით იყო გამოცხადებული. თუმცა როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის 14 მაისს ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.