დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ თანამედროვე მედიკამენტების შემოტანაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რადგან დაავადება ბავშვების ჯანმრთელობას ყოველდღიურად აზიანებს. მშობლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიესალმებიან დიუშენის პაციენტებისთვის მულტიდისციპლინური გუნდის შექმნასა და პერიოდული კვლევების დაფინანსებას, ხელისუფლება კვლავ ნეგატიურად წარმოაჩენს თანამედროვე პრეპარატებსა და მათ მწარმოებელ კომპანიებს. მოთხოვნების შესახებ და ვითარების გასაცნობად, მშობლები გუშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც შეხვდნენ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქი შეეცდება, სიღრმისეულად შეისწავლოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხი.