დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსულმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე ორჯერ სახიფათოდ გადაუჭრეს გზა ბრიტანულ თვითმფრინავს - Palitra News

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსულმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე ორჯერ სახიფათოდ გადაუჭრეს გზა ბრიტანულ თვითმფრინავს

2026-05-20 22:47:59+04:00

გასული თვის განმავლობაში რუსულმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე ორჯერ სახიფათოდ გადაუჭრეს გზა ბრიტანულ თვითმფრინავს. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“გასულ თვეში შავი ზღვის თავზე ბრიტანეთის Rivet Joint-ის თვითმფრინავს ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა სახიფათოდ გადაუჭრეს გზა.

ერთ-ერთი რუსული “სუ-35” თვითმფრინავი იმდენად მიუახლოვდა, რომ Rivet Joint-ის საგანგებო სისტემების გააქტიურდა, მათ შორის ავტოპილოტის სისტემის გამორთვა.

კიდევე ერთი სახიფათო გზის გადაჭრის დროს, რუსულმა “სუ-27” თვითმფრინავმა ბრიტანული თვითმფრინავის წინ ექვსჯერ ჩაიფრინა, Rivet Joint-ის ცხვირიდან ექვს მეტრზე ახლოს.

Rivet Joint თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ ფრენას ახორციელებდა და უიარაღო იყო, რაც დიდი ბრიტანეთის მიერ მოკავშირეებთან ერთად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილია.

რუსეთის სახიფათო ქმედებების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ეკიპაჟმა მთელი ფრენის განმავლობაში სიმშვიდე და პროფესიონალიზმი შეინარჩუნა და დაგეგმილი ფრენა შეასრულა.

ეს ინციდენტი რუსი პილოტების მიერ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოძრავი უიარაღო თვითმფრინავის მიმართ სახიფათო და მიუღებელი ქცევის კიდევ ერთი მაგალითია. ეს ქმედებები ავარიებისა და პოტენციური ესკალაციის სერიოზულ რისკს ქმნის…

მინდა ნათლად ვთქვა: ეს ინციდენტი ხელს არ შეუშლის დიდი ბრიტანეთის მზაობას დაიცვას ნატო, ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი ინტერესები რუსული აგრესიისგან,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ.