საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 23%-ით შემცირდა - Palitra News

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 23%-ით შემცირდა

2026-05-21 13:51:36+04:00

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. როგორც სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ღირებულების კუთხით 23%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტირებულია დაახლოებით 925 მლნ დოლარის ღირებულების 57 606 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1 მილიარდ 203 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 68 020 მანქანა შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების ავტომობილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა, მას კი გერმანია და იაპონია მოსდევდა. მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულს გაერთიანებული სამეფო და ჩინეთი ხურავენ.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 2024 წლამდე გამოშვებული ყველა ავტომობილის განბაჟება გაძვირდა.