რა ეღირება ბაქო-თბილისის მატარებლით მგზავრობა? აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ, 51- დან 81 აზერბაიჯანულ მანათამდე იქნება, რაც ლარში 80-დან 128 ლარამდეა. მათივე ცნობით, ბილეთის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქალაქიდან სურთ მოქალაქეებს თბილისში გამგზავრება. კონკრეტულად ბაქოდან თბილისის მიმართულებით ერთი გზის მინიმალური ფასი 81 მანათი, ანუ დაახლოებით 128 ლარი ეღირება. აზერბაიჯანის რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისზე მგზავრობის ღირებულება ადგილობრივ ვალუტასთან შვეიცარიული ფრანკის გაცვლითი კურსით განისაზღვრება და ფასები ამ კურსის რყევების მიხედვით შეიძლება, შეიცვალოს. აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, შიდა მარშრუტების მსგავსად, საერთაშორისო რეისების ფასებზე სადღესასწაულო დღეები, ასევე, ლოკაციის შერჩევა ახდენს გავლენას. შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა, რომელიც პანდემიის დროს შეწყდა, მიმდინარე წლის 26 მაისიდან აღდგება. ცნობილია, რომ რეისები Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული თანამედროვე მატარებლით შესრულდება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ შემადგენლობაში არის საძინებელი ტიპის ვაგონები და რესტორანი. მთლიანობაში, ერთი მიმართულებით 200-ზე მეტი მგზავრის გადაყვანაა გათვალისწინებული.