არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას. ყაზახეთში დაფუძნებული BI Group-ი დღეს ოპერირებს უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 წლის წინ დაარსებულ კომპანიას ამ ეტაპზე 9 მილიონ კვ.მ-მდე საცხოვრებელი უძრავი ქონება აქვს დასრულებული და 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანიაში დასაქმებულია 8,000 მეტი თანამშრომელი. მხოლოდ 2025 წელს კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Veritas-მა BI Group-ი მსოფლიოს უმსხვილეს დეველოპერებს შორის დაასახელა. საცხოვრებელი ფართის ჩაბარების მოცულობით ყაზახურმა დეველოპერმა გადაასწრო ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორიცაა EMAAR-ი. კომპანიის მიმდინარე პორტფოლიო მოიცავს 250-ზე მეტ საცხოვრებელ, სამრეწველო, სამოქალაქო და სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტს. წამყვან დეველოპერებს შორის გაფორმებული ეს შეთანხმება საქართველოს უძრავი ქონების სექტორისთვის სრულიად ახალი ეტაპია. პარტნიორობის მიზანია ერთობლივი პროექტების განვითარება და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. თანამშრომლობის ფარგლებში BI Group-ი საქართველოში მოწინავე სამშენებლო პრაქტიკებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს დანერგავს. მხარეები უახლოეს პერიოდში ერთობლივ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსაც დააანონსებენ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „არქი ჯგუფმა“ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის — Trump Tower Tbilisi-ის — განხორციელება დაანონსა, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს. პროექტი ისტორიულ მოვლენად და უდიდესი შესაძლებლობების დასაწყისად შეფასდა. ეს რეგიონში პირველი პროექტია ტრამპის ბრენდის ქვეშ.