იმ პირობებში, როდესაც მურთაზ ზოდელავას 7-წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა,- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, მაია მუმლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლის ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილება არის უკანონო.
„იმ პირობებში, როდესაც მურთაზს 7 - წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ისეთ აბსურდულ საქმეზე, როგორც დღეს გვქონდა. ეს არის სამწუხარო და ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და განაჩენი.
მათ, როგორც ჩანს, ეშინიათ გამამართლებელი განაჩენის პრეცედენტის დაშვების",- განაცხადა მაია მუმლაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას - 9 თვით.