სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილის დაპირებები სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ შეფასდა, როგორც საბოტაჟი. ჩვენ მივიღებთ განაჩენს და შევაფასებთ. შესაძლოა, გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა მოიაზრებს არაკონსტიტუციურ პროცესებს და მასზე რაიმე ზედსართავის სახელის, თუნდაც „მშვიდობიანის“ წამძღვარება, არ ცვლის მის არაკონსტიტუციურ შინაარსს.
„სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ლევან ხაბეიშვილის, ასევე მურთაზ ზოდელავას მიმართ.
ჩვენი პოზიცია იყო, რომ ხაბეიშვილს ჩადენილი ჰქონდა ქრთამის დაპირება და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მასობრივი მედია საშუალებებით შესაძლოა განხორციელდეს ქრთამის დაპირება და ეს უფრო მეტად საფრთხის შემცველია ხშირ შემთხვევაში, ვიდრე რამდენიმე პიროვნებას შორის კონსპირაციული შეთანხმება მექრთამეობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ვდებდით ბრალად და ასეც იყო, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, ყველა შემთხვევაში, თავის თავში მოიაზრებს მხოლოდ არაკონსტიტუციურ პროცესებს, არაკანონიერ ქმედებებს და მასზე რაიმე ზედსართავის სახელის, თუნდაც „მშვიდობიანის“ წამძღვარება წინ არ ცვლის მის არაკონსტიტუციურ შინაარსს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილის დაპირებები სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ შეფასდა, როგორც საბოტაჟი. ჩვენ ჩავიბარებთ აღნიშნულ განაჩენს, შევაფასებთ და შემდეგ ვიმსჯელებთ მის გასაჩივრება ან არგასაჩივრებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.
რაც შეეხება საქმის სამ მოწმეს, თუ როგორ შეარჩია პროკურატურამ ისინი, როგორც პროკურორმა განმარტა, თუ ამ კითხვაში პროცედურული ნაწილი იგულისხმება, მისწერეს გდდ-ს, რომ გამოეყოთ თანამშრომლები.
„თვითონ იმ პიროვნებებისთვისაც აბსოლუტურად უცხო იყო, რატომ და რა მიზეზით, რის საფუძველზე მოხდა მათი შერჩევა. კიდევ გეუბნებით, მხოლოდ და მხოლოდ, მიზანი არსებობდა ის, რომ სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებში, რა რეაქცია გამოიწვია და რამდენად რელევანტურად აღიქვეს ეს ქრთამი ამ თანამშრომლებმა, ეს გამოგვერკვია. როგორ წარმოგიდგენიათ, გდდ-ს ყველა თანამშრომლის გამოკითხვა, როგორ მოხდებოდა? უნდა ამორჩეულიყო კონკრეტული პირები“, - განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, როგორ თვლის პროკურატურა, რომ ეს საქმე მოიგო, ბექა ხუნაშვილის თქმით, არც თავად და არც პროკურატურა „ასე აზარტულად საქმის მოგება - წაგებას“ არ უყურებენ.
„პროკურატურის შეფასებით, ეს იყო ქრთამის დაპირება. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, ჩვენ მივიღებთ განაჩენს და შევაფასებთ. ეს არ არის ბოლო ინსტანცია, შესაძლოა გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხუნაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას - 9 თვით.