თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

2026-05-21 17:35:28+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

მათი ცნობით, ლევან ხაბეიშვილს სასჯელის სახედ 2 წლით და 6 თვით, ხოლო მურთაზ ზოდელავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„ლ. ხაბეიშვილს ბრალად ედებოდა უკანონოდ ქმედების სანაცვლოდ, მოხელისათვის ქრთამის დაპირება, ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 339 მუხლის მეორე ნაწილით) და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 317 მუხლით). ხოლო მურთაზ ზოდელავას გამოძიებისათვის ხელის შეშლა (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით)

საქმის არსებითად განხილვის შედეგად, ლ. ხაბეიშვილისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება (საქართველოს სსკ-ის 339 მუხლის მეორე ნაწილი) გადაკვალიფიცირდა (საქართველოს სსკ-ის მუხლის 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საბოტაჟი), რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლევან ხაბეიშვილი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებისთვის ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 317 მუხლით) რისთვისაც მას სასჯელის სახედ განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ ლევან ხაბეიშვილს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.