თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ წარდგენილი, მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ წარმატებით დასრულდა. ოთხდღიანი კამპანიის ფარგლებში შეგროვილი სრული თანხა - 1200 ლარი - ცხოველთა გადარჩენის ფონდს გადაეცა.
აქციის კონცეფცია უცვლელი და მარტივი იყო: მკითხველს გამომცემლობისგან შეთავაზებული წიგნებიდან თავად შეეძლო აერჩია მისთვის სასურველი წიგნი და გადაეხადა ზუსტად ის თანხა, რასაც საჭიროდ და შესაძლებლად მიიჩნევდა. პროექტმა წიგნის მოყვარულთა დიდი ინტერესი და აქტიურობა გამოიწვია, რადგან მათ მიეცათ ორმაგი შესაძლებლობა - შეევსოთ პირადი ბიბლიოთეკა საინტერესო ლიტერატურით და, ამავდროულად, გამხდარიყვნენ კეთილი საქმის თანამონაწილენი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი აქციებით არა მხოლოდ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს, არამედ საზოგადოებას საერთო, ჰუმანური მიზნის გარშემო ვაერთიანებთ. მადლობა თითოეულ მკითხველს, რომელმაც ამ 4 დღის განმავლობაში შემოუერთდა აქციას და საკუთარი წვლილი შეიტანა მიუსაფარი და დახმარების საჭიროების მქონე ცხოველების გადარჩენაში“ - აცხადებენ გამომცემლობა „პალიტრა L“-ში.
შეგროვებული 1200 ლარი მთლიანად მოხმარდება ცხოველთა გადარჩენის ფრონტის ფონდის მიმდინარე საჭიროებებს, რაც მოიცავს უსახლკარო ცხოველების მკურნალობას, გამოკვებასა და მათზე ზრუნვას.
გამომცემლობა „პალიტრა L“ მომავალშიც გეგმავს მსგავსი სოციალური და საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას, სადაც წიგნი და სიკეთე კვლავ მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება.