ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ და ჯარსაც შემოიყვანდნენ აქ - მათ ჭკუა არ მოეკითხებათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „აქვს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ევროკავშირი ბრიტანულ სანქციებს გაიზიარებს“.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ მტრული გარემოა და ამ ვითარებაში, გასაკვირი არაფერია.
„ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს. მათ ჭკუა არ მოეკითხებათ. საბედნიეროდ, იმის ძალაუფლება არ აქვთ, რომ რაკეტები გამოისროლონ ჩვენკენ, თორემ გარწმუნებთ, ნება რომ მისცე, რაკეტებს დაგვიშენდნენ, აქ ჯარს შემოიყვანდნენ. თან აქაურები გაამართლებდნენ რომ კი, დემოკრატიის დასამყარებლად შემოვიდა ჯარიო. კონკრეტულად ის ხალხი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გამოირჩევა თავისი მტრული დამოკიდებულებით. აქ არაფერი გასაოცარი არ არის. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში, ვიხილეთ ევროპარლამენტში თავისუფალი მედიის შეზღუდვის მცდელობები. როცა ასეთი მტრული გარემოა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტში, გასაკვირი არაფერია,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.