პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
„მოკავშირეთა უფრო ძლიერი ყოფნა ჩვენს რეგიონში აძლიერებს შეკავების ძალას და ხელს უწყობს ბალტიის ქვეყნებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ლიეტუვაში აშშ-ის სამხედროების უწყვეტი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, - აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
„მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ. ეს გააძლიერებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. ამავდროულად, ევროპამ სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები პოლონეთში 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის.
„პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის“, - განაცხადა ტრამპმა.