შალვა პაპუაშვილი - ბატონო პეტერი დაგვცინის: „შევიხედე ოთახში და „დიფ სთეითი“ იქ არ იყო, გავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა“ - რა არის საჭირო გასაწევრიანებლად, ამაზე ბრიუსელი ისაუბრებს, გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც გამოყოფილი აქვს - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ბატონო პეტერი დაგვცინის: „შევიხედე ოთახში და „დიფ სთეითი“ იქ არ იყო, გავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა“ - რა არის საჭირო გასაწევრიანებლად, ამაზე ბრიუსელი ისაუბრებს, გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც გამოყოფილი აქვს

2026-05-22 12:50:37+04:00

[გერმანიის ელჩმა] მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ – „აბა, სად არის, შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა“, დაგვცინის, ფაქტობრივად, ქართველებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ დიპლომატი „დიფ სთეითან“ მისი დამოკიდებულებით დასცინის არამხოლოდ ქართველებს, არამედ დასცინის აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასს. პაპუაშვილის მოსაზრებით, „ეს არის კამიკაძის დონის ქმედება“.

„ბატონი პეტერი, ქართული საზოგადოების წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. ასე დარჩება ის საქართველოს საზოგადოების მეხსიერებაში და ეს არის ყველზე სამწუხარო ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში, რომ ამ ადამიანმა 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ გაიგივებული არის დღეს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭერად. ეს არის სამწუხარო მოვლენა. ასევე, მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“, აბა, სად არის, შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა“, დაგვცინის, ფაქტობრივად, ქართველებს, მაგრამ მე ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, ის პარალელურად დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ რაღაც გამონაგონი არის, დასცინის აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, ასევე, შეუძლია აშშ-ს საელჩოს ელაპარაკოს ამაზე. ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასს, რომელიც ასევ საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში, პრინციპში, დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ. ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულება გასაგებია, შევეჩვიეთ და ვხედავთ, მაგრამ ამავე დროს, დასცინის ამერიკელებს, ბრიტანელებს და არ ვიცი, გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე.

გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, მან ზოგადად ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს, როგორც ასეთს და ქართველების თვალში გააიგივა უცხო ქვეყნის ელჩი სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, ტყუილს, პროპაგანდას აქეზებს და ფაქტობრივად, ელჩობა აქცია მთავარმართებლის და მეორე მმართლებლის და მეორე მდივნის სინონიმად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პეტერ ფიშერმა ზიანი მიაყენა მთლიანად ელჩობას საქართველოში.

„როგორც თვითონ თქვა, თბილად, სავარძელში წამოწვება და იქიდან დააკვირდება საქართველოს. ის ზიანი, რაც მან მიაყენა არამხოლოდ ქართულ-გერმანულ ურთიერთობას, არამედ, მიაყენა ელჩობას, უცხო ქვეყნის ელჩის ინსტიტუტს მიაყენა ზიანი და ქართველების თვალში, დიდი ხნით ჩაბეჭდა, რომ უცხო ქვეყნის ელჩი შეიძლება იყოს შენი ქვეყნის მიმართ მავნე ინტერესებისა და მიზნების მატარებელი. ამით მიაყენა ზიანი მთლიანად ელჩობას საქართველოში და მე სხვა ელჩების ადგილას ამაზე დავფიქრდებოდი“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილი გერმანიის ელჩს მიუთითებს, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში და არა ბერლინში, ხოლო რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ამაზე თავად ევროკავშირის ელჩი ისაუბრებს როგორმე.

„ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში და არა ბერლინში. არ ვიცი, მე, ბატონ პეტერს, რა წარმოდგენა აქვს, თუ ჰგონია, რომ ბერლინია ევროპის დედაქალაქი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდან არის. ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში. ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი, როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის, ევროკავშირის სახელით საუბარს“, - აცხადებს პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ ამით პეტერ ფიშერი სხვა ელჩების კომპეტენციაში შედის.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, როდესაც პეტერ ფიშერი გერმანიაში გაიწვიეს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან პირობა მიიღეს, რომ ელჩი დაბრუნდებოდა, „ოღონდ აღარ იქნებოდა ის აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები, რომელსაც მისგან ვიყავით შეჩვეულები“. პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ეს პირობაც დაირღვა.

პაპუაშვილის თქმით, „გაუგებარია, საიდან აქვს ამ ადამიანს ეს განწყობები, დამოკიდებულებები, პრეტენზიები და იმგვარი ეგო, რომ ვერავინ დავაკმაყოფილეთ და ყველას უნდა დაგვცინოს, იქედნურად გველაპარაკოს“. პაპუაშვილის თქმით, ის ფორმა, რომლითაც ფიშერი „დიფ სთეითის“ საკითხს ეხება, აბსოლუტურად გაუგებარია.

„ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს - ეს არის კამიკაძის დონის ქმედება იმისთვის, რომ თავი დაიზიანოს და საბოლოო ჯამში, დააზიანოს ქართულ-გერმანული, თუ საქართველო-ევროკავშირის [ურთიერთობა]“, - აცხადებს პაპუაშვილი.