საქართველო ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება, - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოს ოპოზიციურ ალიანსს უგზავნის.
„მადლობას გიხდით 2026 წლის 17 აპრილის წერილისთვის, რომელიც საქართველოში გაუარესებულ ვითარებას ეხება. ვაფასებთ თქვენს შეშფოთებას და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. საქართველო ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. 21 აპრილს საგარეო საქმეთა საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება, რომელიც უწყვეტად უარესდება და იმსჯელა დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის საკითხზე“, - აღნიშნულია წერილში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნება და მინისტრებმა მკაფიო გზავნილი გააჟღერეს, რომ საქართველოს მთავრობამ მოქმედების კურსი უნდა შეცვალოს.
„ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის მიმართ ერთგული რჩება და აქტიურად არის ჩართული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის მხარდაჭერაში. ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხებზე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია და ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ საქართველოს სტაბილური და წარმატებული მომავლისთვის“, - აღნიშნულია წერილში
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ეს საკითხები არაერთხელ განიხილა.
„ევროკავშირის პოლიტიკა და მოქმედებები ეფუძნება მის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მოიცავს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მექანიზმებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. საქართველოსთან ურთიერთობისას ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს ამ პრინციპების მნიშვნელობას. ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან რეგულარულ გადახედვასა და შეფასებას ექვემდებარება, ხოლო გადაწყვეტილებები ვითარების საფუძვლიანი შეფასების შედეგად მიიღება. ევროკავშირის მიზანია ქართველი ხალხის კეთილდღეობის მხარდაჭერა და ის გააგრძელებს ქვეყანასთან თანამშრომლობას იმ ფორმით, რომელიც მის ღირებულებებსა და პრინციპებთან თანხვედრაშია“, - აღნიშნულია წერილში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღია რჩება.
„ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება და ევროკავშირი ერთგულია ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერის მიმართ, მათ შორის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების დახმარების გზით. ამავდროულად, ევროკავშირი აქტიურად ებრძვის დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ვრცელდება, და ამასთანავე კვლავ ადასტურებს ქართველი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერას. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს მოქმედების ამჟამინდელი კურსი“, - აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელს აწერს დერინ დერია, რომელიც ხელმძღვანელობს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართულებაზე პასუხისმგებელ განყოფილებას.