ალეკო ელისაშვილი - კადრში ჩანს, რომ ვიღაც ცეცხლს აჩენს და რატომ ვარ მე და არა, მაგალითად, თენგიზ შარმანაშვილი? ეს ნაჭერი რომ ჩაიცვით, მოსამართლე გგონიათ თავი? - გამხმარი ტალახივით უნდა დაფშვნა ესენი! - Palitra News

ალეკო ელისაშვილი - კადრში ჩანს, რომ ვიღაც ცეცხლს აჩენს და რატომ ვარ მე და არა, მაგალითად, თენგიზ შარმანაშვილი? ეს ნაჭერი რომ ჩაიცვით, მოსამართლე გგონიათ თავი? - გამხმარი ტალახივით უნდა დაფშვნა ესენი!

2026-05-22 15:45:19+04:00

მოსამართლე მეია მელქაძემ ტერორისტული აქტის ეპიზოდზე ბრალდებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

აღნიშნულის მიზეზად მოსამართლემ წესრიგის დარღვევა და სასამართლოს მიმართ გამოხატული „აშკარა უპატივცემლობა“ დაასახელა.

სხდომაზე, სადაც მტკიცებულების დასაშვებობასა და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, მოსამართლემ ბრალდებულ პოლიტიკოსს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა, თუმცა, იქვე განუმარტა, რომ მხოლოდ საქმის გარშემო ესაუბრა, რასაც ელისაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

„მაცადეთ ლაპარაკი, ბოლშევიკებიც კი დახვრეტას რომ უსჯიდნენ, ალაპარაკებდნენ ადამიანს. მერამდენე სხდომაა და მერამდენე მოსამართლე ხართ, სიტყვის უფლებას რომ არ მაძლევთ. ორი 15- წლიანი ბრალდება მაქვს წარდგენილი“, - მიმართა ელისაშვილმა, რაზეც მოსამართლემ შენიშვნა მისცა.

„წყეული ბოლშევიკები აძლევდნენ ლაპარაკის საშუალებას, სიტყვა ამოღებული არ მაქვს და ყელში მეცით!“ - უპასუხა მას კვლავ ელისაშვილმა, ასევე, უთხრა, რომ ნუ უყვიროდა.

„არ გიყვირით, მე თქვენს ხმას არ ვაჭარბებ“, - უპასუხა მოსამართლემ ელისაშვილს.

„ეს სასამართლო არაა, ეს ბოლშევიკური ტრიბუნაა.. ეს გოგო [პროკურორი] აქ რომ ზის, არ ეზარება 2 თვეში ერთხელ აკრძალვა აკრძალვაზე რომ არ დამიწესოს, შვილები რომ სასამართლოს გარდა ვერ ვნახო... 49 წელია არავისთვის შემითანხმებია, რას ვისაუბრებ და არც ახლა ვიკითხავ!

რა საქმეზე ვისაუბრებ, ჩემი საქმეა. მაცალეთ ლაპარაკი, ეგ გასწავლეს? რაზეც მიმაჩნია საჭიროდ, იმაზე ვისაუბრებ!“ - განაცხადა ელისაშვილმა, რის შემდეგაც მას მოსამართლემ კვლავ უთხრა, საქმეზე ესაუბრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარბაზიდან გააძევებდა.

„აი დარდი, თუ გამაძევებთ! რამ შეგაშინათ ასე, რომ ერთი პატიმარი კაცის გეშინიათ“, - განაცხადა ელისაშვილმა, რაზეც მას მოსამართლემ უთხრა, რომ „ეს არ არის ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის“, რაზეც ელისაშვილმა მას უპასუხა, რომ მისთვის ეს იყო ტრიბუნა, სადაც უნდა ესაუბრა, თუმცა, მისი ეშინიათ.

მოსამართლემ მას კვლავ შენიშვნა მისცა.

„აუფ, გამისკდა გული! საბავშვო ბაღის გამგე ხართ თუ მოსამართლე?“, - მიმართა პოლიტიკოსმა მოსამართლეს, რაზეც მას ისევ შენიშვნა მისცეს.

„ეს [ახალი ბრალი] რომ გამეკეთებინა, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვიტყოდი, რომ მე გავაკეთ. მაბრალებენ და რატომ დავიბრალო ასეთი შეთითხნილი ბრალი? ამაზრზენი ბრალდებაა. კადრში ჩანს, რომ ვიღაც ცეცხლს აჩენს და რატომ ვარ მე და მაგალითად თენგიზ შარმანაშვილი არა?... ვინ არის ეს ქალი [მოსამართლე], მართლა ეს ნაჭერი რომ ჩაიცვით, მოსამართლე გგონიათ თავი? მაცადეთ საუბარი! იმაზე თავშეკავებულად ვსაუბრობ, ვიდრე ეს ბოლშევიკური ტრიბუნალი იმსახურებს. აბსურდია რა საქმესაც მედავებიან!

ძუნკალი ძაღლი იპოვეთ ქუჩაში და ერთი წლის შემდეგ მიჭერთ. მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენო, ჯოხით უნდა გავეკიდო იმ ძაღლს? არ ვიცი ის ძაღლი სადაა და როგორ უნდა მოვახდინო ზეწოლა?“ - განაცხადა ელისაშვილმა.

საბოლოოდ, ის მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობისა და წესრიგის დარღვევის მიზეზით სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

დარბაზიდან გასვლისას ელისაშვილმა განაცხადა: „გამხმარი ტალახივით უნდა დაფშვნა ესენი“.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას. ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.