პროკურატურის ინფორმაციით, საპატრიარქოს რეზიდენციასთან ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

პროკურატურის ინფორმაციით, საპატრიარქოს რეზიდენციასთან ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2026-05-22 16:55:14+04:00

საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მაზმიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

როგორც საქმის პროკურორი, ირაკლი ყვავაძე განმარტავდა, დანაშაული თავისი სპეციფიკით და შინაარსით განსაკუთრებული საშიშროების არის და იმის საფრთხე, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, დანაშაულებრივი ქმედება გააგრძელოს, არსებობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

ყვავაძის თქმითვე, ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ვინაიდან მას შესაძლოა, გარკვეული ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდეს.

დაკავებულის ადვოკატის, ილია ნაცვლიშვილის განმარტებით, ბრალდება არასწორად არის წარდგენილი და ბრალდების პოზიცია, რომ ის იარაღის გამოყენებით ახორციელებდა ქმედებას, არასწორია, რადგან ადვოკატის თქმით, იარაღად პლასტმასის ბოთლი ვერ ჩაითვლება.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვა.

ბრალდებულმა მცირე სიტყვით ისარგებლა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა. როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.