„ქართული ოცნება“ საქმეებს იძიებს სანახევროდ, ეს ძირითადად სატელევიზიო გამოძიებებია, რითაც ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ ჩვენ დავიწყეთ კორუფციასთან ბრძოლა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ბესიკ დონაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
ბესო დონაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის „კორუმპირებული ორგანიზაცია“, რადგან ის ადამიანები, ვინც კორუფციის ბრალდებით დაიჭირეს, თავის დროზე დაინიშნნენ იმათ მიერ, ვინც ახლა არის ხელისუფლებაში.
„ვინც დაჭერილია და ვინც დღეს დაიჭირეს, ამ ადამიანებს ებარათ სახელმწიფო უსაფრთხოება. წარმოიდგინეთ, ნებისმიერ რამეს იყიდდა ფულით, ვინც რამეს მოისურვებდა. ეს ხომ ერთჯერადი შემთხვევა არ იყო. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყანა გასაყიდად იყო დახლზე გამოტანილი და შეგეძლო გეყიდა ნებისმიერ ფასად, თუ მოელაპარაკებოდი ლილუაშვილს და ახობაძეს.
უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკი რომელი რომელს შეცვლის, „ქართული ოცნება“ არის კორუმპირებული ორგანიზაცია გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები[ვინც დაჭერილია] დაინიშნნენ იმათ მიერ, ვინც ახლა არიან ხელისუფლებაში, ესენი აჭერდნენ მწვანე ღილაკს პარლამენტში ხელს და აირჩევდნენ ამ ადამიანებს. როდესაც ჩვენ ამ ამბებს ვუყვებოდით საქართველოს მოქალაქეებს, ეს ხალხი ჩვენ გვლანძღავდა, სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს, სასამართლოში შეიტანეს საქმეები, უჩივიან ჟურნალისტებს, მკვლევრებს, რომ თურმე მორალური ზიანი მიიღეს, რეპუტაცია შეელახათ.
„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი სქემა ააწყო, რომლითაც ფულს იპარავდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, მაგრამ არცერთი არ იყო ისეთი, რომელიც ვერ გაიშიფრა, რომელიც ვერ ვნახეთ და ვერ გამოვიძიეთ და საზოგადოებას არ მივაწოდეთ ინფორმაცია. მთავარი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ის ჯგუფი, ვისაც ახლა ძალაუფლება აქვს, საქმეებს იძიებს სანახევროდ. ეს ძირითადად სატელევიზიო გამოძიებებია, რითაც ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ ჩვენ დავიწყეთ კორუფციასთან ბრძოლა. ყველა საქმე გაჩერებულია შპს-ების დირექტორების და მენეჯმენტის დონეზე“, - განაცხადა ბესო დონაძემ.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა.
უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.
ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.