უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია კიევის ინიციატივაა და მას მკაფიო გეოპოლიტიკური ინტერესი ახლავს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა,ანდრეი სიბიჰამ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისსა და კიევს შორის დაძაბულობა უკრაინის არჩევანი არასდროს ყოფილა.
ბოლო ერთ თვეში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, შედგა სატელეფონო კომუნიკაცია საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ხოლო მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიჰა მოლდოვაში პირისპირ შეხვდნენ.
უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადებამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა გეოპოლიტიკურ ინტერესს ხედავს კიევი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის პროცესში. საუბარია რეგიონულ უსაფრთხოებაზე, შავი ზღვის სივრცეში თანამშრომლობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგზე, ასევე იმ პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეგიონში ყალიბდება.