სამართალდამცავებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ძალის დემონსტრირებით თანხა გამოართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.