ის, რომ ლევან ახობაძემ აიღო ქრთამი, რაზეც აპელირებს პროკურატურა, ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება საქმეში არ არსებობს ,- ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატმა, დავით სიმონიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს დაადასტურებდა.
"სამწუხაროდ, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირისგან იქნებოდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების მცდელობები.
ჩვენ ნათლად მივუთითებთ სასამართლოს, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც აღნიშნულ საფრთხეს დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ლევან ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის, ყველა ინსტანციაში.
ის, რომ ლევან ახობაძემ აიღო ქრთამი, რაზეც აპელირებს პროკურატურა, ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება საქმეში არ არსებობს",- განაცხადა დავით სიმონიამ.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.
ცნობისთვის. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.