პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის საქმეში პროკურატურას გააჩნია მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ მან ქრთამი აიღო.
რაც შეეხება ახობაძის იმდროინდელ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, დაუმძიმდება თუ არა მას ბრალი, როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ გამოვლინდა სხვა პირთა ბრალეულობა ან სხვა პირთა კავშირები, მას სამართლებრივი შეფასება მიეცემა
რაც შეეხება უშუალოდ ლევან ახობაძეს, როგორც ანა ლეკიაშვილი განმარტავს, ახობაძესთან მიმართებით გამოძიება 2026 წლის თებერვალში დაიწყო, გამოძიების საფუძველი კი, ოპერატიული ინფორმაცია იყო.
„სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის დაეთანხმა მოსალოდნელ საფრთხეებში და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ბრალდების მხარე ასაბუთებდა, რომ ლევან ახობაძის მხრიდან არსებობდა, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, რაც სასამართლომ გაიზიარა და ჩათვალა, რომ ამ საფრთხეების არსებობა იყო იმ მოცულობით,რომ აუცილებელი იყო ლევან ახობაძისთვის პატიმრობის შეფარდება“- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
პროკურორმა ისაუბრა, თუ რა მტკიცებულებები გააჩნია ბრალდების მხარეს ლევან ახობაძის საქმეში.
„მტკიცებულებებს წარმოადგენს გარკვეულ პირთა გამოკითხვის ოქმები, მათ შორის ამოღებული დოკუმენტაცია, საბაჟო დოკუმენტაცია, გამოთხოვილი ტელეფონების დეტალური ამონაწერები, წერილობითო დოკუმენტაცია და ა.შ რაც ვფიქრობ,რომ დღევანდელ დღეს, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ლევან ახობაძემ განახორციელა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, რაც არის ქრთამის აღება დაკვალიფიცირებული სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
მოწმეებში მოქმედ თანამშრომლებს ვის გულისხმობთ არ ვიცი, მაგრამ სუს-ის თანამშრომლები არ არიან მოცემულ საქმეზე მოწმეები. მოწმეებს წარმოადგენენ სხვადასხვა პირები, მათ შორის ქრთამის მიმცემი, შუამავლები და ასევე სხვა პირები, რომლებსაც გარკვეული სახის ინფორმაცია ჰქონდათ მოცემულ ქმედებასთან დაკავშირებით“- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
მან უპასუხა კითხვას, რატომ არ წარედგინა ბრალი სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, სწორედ ლილუაშვილის ჩარევით ახობაძის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 500 000 განახევრდა და ამის შემდეგ ახობაძემ ქრთამად 250 000 აიღო - პროკურორი პასუხობს, რომ გამოძიება საწყის ეტაპზეა.
„მოცემულ შემთხვევაში გამოძიება არის საწყის ეტაპზე. კონკრეტულ პირს, ლევან ახობაძეს წარედგინა ბრალი მის მიერ განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე და გამოძიება გრძელდება. ქმედებასთან სხვა პირების კავშირები დგინდება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ბრალდების მხარე იმსჯელებს მათ მიმართ შესაბამისის სამართლებრივი შეფასების შესახებ. რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის არარსებობას ბრალდების შესახებ დადგენილებაში, განცხადებაშიც ნახსენები იყო, რომ კონკრეტული გამოკითხვის ოქმის თანახმად არის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი მხოლოდ“ - განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე შესაძლოა, თუ არა დაუმძიმდეს ბრალი გრიგოლ ლილუაშვილს, პროკურორი პასუხობს, რომ „თუ ასეთი საფუძველი იარსებებს სხვა პირების ქმედებებს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მოგვიანებით“.
„საქმის გარემოებიდან გამომდინარე კონკრეტულ პირს წარედგინა ბრალდება იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც დღეის მდგომარეობით საქმეში არსებობს. თუ გამოვლინდა სხვა პირთა ბრალეულობა ან სხვა პირთა კავშირები, რა თქმა უნდა, მიეცემა სამართლებრივი შეფასება. გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.
გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.