ირაკლი კობახიძე 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე - შეკრების გამართვა ყველას შეუძლია - სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს - Palitra News

ირაკლი კობახიძე 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე - შეკრების გამართვა ყველას შეუძლია - სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს

2026-05-25 12:24:52+04:00

შეკრების გამართვა ყველას შეუძლია - სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს, - ასე განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის აქციაზე „ოპოზიციურ ალიანსს“ კონსტრუქციების განთავსებაზე უარი ეთქვა.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია კარგიც არის, რადგან ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ „უსუსურ სახეს“.

„შეკრების გამართვა ყველას შეუძლია, რომ დავაზუსტოთ. აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით რომ აღინიშნება 26 მაისი და ამასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი, შეკრების ორგანიზატორებს. რაც შეეხება შეკრების გამართვას, ეს ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მე მგონი კარგი იქნება, კიდევ ერთხელ აჩვენებენ ეს ადამიანები საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს.“- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიის შემდეგ შსს-დანაც მიიღო პასუხი.

„მერიის შემდეგ, შსს-მაც უარი განაცხადა. ამათ საერთოდ საოცრება აღმოხდათ: გვარამია თავად რატომ არ მოვიდაო. კიდევ სხვა დებილობებიც მრავლად, მაგრამ მთავარი რაცაა, კი ვიცით: ამ ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია, გადაჭარბების გარეშე, აკრძალულია."სახლში რაც გინდა, ის აკეთეთ" არ გამოვა, „ქოცებო“. აქცია გაიმართება, როგორც კონსტიტუცია გვეუბნება, ხოლო ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური პასუხები განიხილება მოგვიანებით და სამართლიანი სასამართლოს მიერ“- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

მანამდე, ნიკა გვარამიამ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ თბილისის მერიამ „ოპოზიციური ალიანსს“ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე კონსტრუქციების განთავსებაზე უარი უთხრა.

კერძოდ, როგორც მერია „ალიანსისთვის“ გაგზავნილ პასუხში აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები, შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, პარლამენტის მიმდებარედ კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა, მერიას „დაუშვებლად მიაჩნია“.