რომის პაპი ლეო XIV ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება და გააფრთხილა, რომ ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას, პრიორიტეტს ანიჭებენ კონფლიქტებს და ქმნიან რისკს, რომ მსოფლიო დაუსრულებელი ომის გზაზე აღმოჩნდეს.
პაპმა ხაზი გაუსვა, რომ ხელოვნური ინტელექტის მონაცემების საკუთრება მხოლოდ კერძო პირების ხელში არ უნდა აღმოჩნდეს და რომ პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ უფლება, დაიცვან დასაქმებულთა უფლებები და დაიცვან ბავშვები ტექნოლოგიებისგან.
„საჭიროა უფრო აქტიური პოლიტიკური ჩართულობა, რომელსაც შეუძლია შეანელოს მოვლენები, როდესაც ყველაფერი აჩქარებულია“, - ნათქვამია პაპის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სახელწოდებით „Magnifica Humanitas“ (დიდებული კაცობრიობა).
დოკუმენტში, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია, ასევე დაგმობილია მსოფლიოში მიმდინარე ომები და ხაზგასმულია, რომ იარაღის ინდუსტრიის მოგება კონფლიქტების მამოძრავებელი ძალაა.
„ბოლო 60 წელი აღინიშნა გასაოცარი სისასტიკის კონფლიქტებით, რომლებიც ხშირად მასიური მასშტაბით აზიანებდა მშვიდობიან მოსახლეობას. კაცობრიობა ძალაუფლების ძალადობრივ კულტურაში ეშვება, სადაც მშვიდობა აღიქმება არა როგორც პასუხისმგებლობა, არამედ როგორც მყიფე შუალედი კონფლიქტებს შორის“, - აღნიშნულია დოკუმენტი.
პაპი ასევე საუბრობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისას მთელი რიგი პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე, მათ შორის რესურსების უფრო სამართლიან განაწილებაზე, ადამიანის ღირსებაზე, სოციალურ სამართლიანობასა და გარემოზე ზრუნვაზე.
პაპი ბაბილონის გოდოლის ბიბლიურ ისტორიას იხსენებს და აცხადებს, რომ ეს ისტორია აჩვენებს ნებისმიერი საქმიანობის საფრთხეს, რომელიც „სამოთხეში მოხვედრას ღვთის კურთხევის გარეშე ცდილობს“.
„მწყემსისა და მამის გულით ყველას ვთხოვ, რომ უარი თქვან კიდევ ერთი ბაბილონის გოდოლის მშენებლობაზე და გააერთიანონ ძალები საერთო სიკეთის მშენებლობაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
პაპის განცხადებით, ტექნოლოგიამ უნდა დაიცვას ადამიანების სამუშაო ადგილები და დაექვემდებაროს მყარ საკანონმდებლო ჩარჩოებს, დამოუკიდებელ ზედამხედველობას, ინფორმირებულ მომხმარებლებს და პოლიტიკურ სისტემას, რომელიც თავის პასუხისმგებლობას არ იხსნის.