დელეგაციაში მონაწილეობდა მარკო ბურიოს სპეციალური წარმომადგენელი. ამ შემადგენლობის ამოცანა იყო, რომ ფაქტობრივად ყველაფერი არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარჩოებში იქნება განხილული, რაც აქ ითქვა, არამედ კონკრეტულად იქნება ცნობილი მარკო რუბიოსთვის , - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი იყო როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რას ფიქრობს ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
“როდესაც გაიხსნა შეხვედრა, შესავალი გაკეთდა, ითქვა, რომ საქართველო რჩება მნიშვნელოვნად, იქიდან გამომდინარე, რომ სერიოზული გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს კავკასიაში და საქართველო პროცესებში გვერდზე გამდგარი ვერ იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხშირი ჩამოსვლა.
გარდა ამისა, ამ დელეგაციაში მონაწილეობდა მარკო რუბიოს სპეციალური წარმომადგენელო. ამ შემადგენლობის ამოცანა იყო, რომ ფაქტობრივად ყველაფერი არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარჩოებში იქნება განხილული, რაც აქ ითქვა, არამედ კონკრეტულად იქნება ცნობილი მარკო რუბიოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
საუბარი იყო როგორ შეიძლება წავიდეს მოვლენები, რას ფიქრობს ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩემი მხრიდან დაყენებული მთავარი ამოცანა იყო სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ეს ხალხი უნდა იყოს გარეთ, თავისუფლებაზე. ამის შემდეგ შეიძლება დავუბრუნდეთ საქმიან განხილვას, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში”, - აღნიშნა დოლიძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებს ხვდებიან.
რაც შეეხება უშუალოდ დელეგაციის შემადგენლობას, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე, ჩარლზ იოქი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.