თინა ბოკუჩავა - აუცილებელია, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება, არა პოლიტიკური პატიმრები, არა რეპრესიები, რომ საქართველო გახდეს სანდო და სტაბილური პარტნიორი ამერიკისთვის, რომელიც ისე დაინტერესებულია რეგიონით, როგორც არასდროს - Palitra News

თინა ბოკუჩავა - აუცილებელია, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება, არა პოლიტიკური პატიმრები, არა რეპრესიები, რომ საქართველო გახდეს სანდო და სტაბილური პარტნიორი ამერიკისთვის, რომელიც ისე დაინტერესებულია რეგიონით, როგორც არასდროს

2026-05-25 19:38:30+04:00

საუბარი იყო რეგიონულ პროექტებზე - აშშ ისე დაინტერესებულია ჩვენი რეგიონით, როგორც არასდროს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების აღდგენა და რეგიონული პროექტების განხორციელება ვერ მოხდება ისე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება “ფეხქვეშ თელავდეს” ფუნდამენტურ ღირებულებებს.

„რა თქმა უნდა, საუბარი იყო რეგიონულ პროექტებზე, მაგრამ ამავე დროს ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების აღდგენა და რეგიონული პროექტების განხორციელება ვერ მოხდება ისე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდეს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაზეც აშშ-საქართველოს ურთიერთობები მრავალი წელია დგას.

ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ამერიკას სჭირდება სტაბილური პარტნიორები, ამერიკა არ მოახდენს არც პოლიტიკურ და მით უმეტეს არც ფინანსურ ინვესტირებას, მაშინ, როდესაც მმართველობა და მდგომარეობა არის უკიდურესად მყიფე. იმისათვის, რომ მივიღოთ სტაბილური მმართველობა ქვეყანაში, აუცილებელია პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება, არა პოლიტიკური პატიმრები, არა რეპრესიები, არა ტროტუარზე დგომისათვის ადამიანის დაჭერა, არამედ ფუნდამენტური უფლებების გარანტია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სანდო და სტაბილური პარტნიორი ამერიკისთვის, რომელიც ისე დაინტერესებულია ამ რეგიონით, როგორც არასდროს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.