ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონის ხელი მოაწერა - Palitra News

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონის ხელი მოაწერა

2026-05-25 19:47:20+04:00

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონის ხელი მოაწერა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა.

მანამდე, კანონი, რომელსაც ხელი ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ 13 მაისს დაამტკიცა.

ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, ე.წ. მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, „შეთანხმდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების თანდათან გაერთიანებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე და განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე“.