დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 100-საათიანი მარათონით 1 მილიონ 670 ათას ლარზე მეტი შეგროვდა - Palitra News

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 100-საათიანი მარათონით 1 მილიონ 670 ათას ლარზე მეტი შეგროვდა

2026-05-25 20:54:23+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად დაწყებული 100-საათიანი ონლაინ მარათონი დასრულდა, თუმცა დახმარების პროცესი კვლავ გრძელდება - ანგარიშები ისევ ღიაა და მოქალაქეები თანხის ჩარიცხვას აგრძელებენ.

„დაიცავი ილიაუნის“ ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში 1 მილიონ 670 ათას ლარზე მეტი შეგროვდა და მობილიზებული თანხა სრულად ბავშვების ოჯახებს გადაერიცხა. ორგანიზატორების შეფასებით, მიღებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერა აჩვენა. კამპანიაში მოქალაქეებთან ერთად სტუდენტები, ემიგრანტები, ბიზნესი და სხვადასხვა ორგანიზაციებიც ჩაერთნენ.

ამ ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების უწყვეტი პროტესტი არ წყდება. დღეს ადმინისტრაციის შენობასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გაიმართა.

მშობლების განცხადებით, მიუხედავად საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და მიმდინარე პროცესებისა, საპატრიარქოს მხრიდან მათთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ყოფილა.

„დაიცავი ილიაუნი“ აცხადებს, რომ ფონდი მუშაობას აგრძელებს და მომავალში მიღებული თითოეული შემოწირულობაც ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება.