გიორგი ბუტიკაშვილი - საპროტესტო აქციაზე ვეცდებით დავდგათ სცენა და ეკრანები - გვაქვს “გეგმა B” თუ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სრული სახე გამოავლინა - Palitra News

გიორგი ბუტიკაშვილი - საპროტესტო აქციაზე ვეცდებით დავდგათ სცენა და ეკრანები - გვაქვს “გეგმა B” თუ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სრული სახე გამოავლინა

2026-05-25 22:35:49+04:00

ცხადია, ხვალ ვეცდებით და დავდგამთ სცენასაც, გახმოვანებასაც და ეკრანებსაც, ჩვეულებრივად, როგორც გვქონდა დაგეგმილი, - ამის შესახებ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, არ იქნება მათი მხრიდან „სერიოზული“, რომ მერიისა და შსს-ს მოწოდებებს და „უკანონობას“ დაემორჩილონ, რადგან მათი კონსტიტუციური უფლებაა პროტესტი გამართონ იმ დღეს და ადგილზე, როგორც განცხადებაში აქვთ მითითებული.

„ისინი ცდილობენ აჩვენონ, რომ კვლავ ძალას ფლობენ და ამ ძალის დემონსტრირება უნდათ იმის ჩვენებით, რომ არ გვაძლევენ უფლებას დავდგათ სცენა, გახმოვანება და ა.შ. აქაც, როგორც ყველა შემთხვევაში, აბსურდი მოჰყავთ მიზეზად, რომ რუსთაველის ტერიტორიაზე, ამ დროს, დილიდან, იქნება სამუშაოები ჩასატარებელი. შესაბამისად, არ იქნება იმის სივრცე, რომ სცენა, რაც ცხადია ტყუილია. ვითხოვდით სცენის განთავსებას პარლამენტის წინ და ტექნიკური აღჭურვილობის განთავსებას, ეს იქნება ეკრანები თუ გახმოვანება. იქ, იმ ტერიტორიაზე არაფერი არ ხდება. თავისუფლების მოედანზე აქვთ მათ ღონისძიება და იმ ღონისძიებას ჩაატარებენ მანდ. სცენის აწყობას და ტექნიკის დამონტაჟებას სულ რაღაც სამი საათი სჭირდება, ხოლო ჩვენი ღონისძიება იწყება საღამოს 20:00 საათზე, ამ ორ ამბავს შორის კავშირი საერთოდ არ არის. დღის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო ტექნიკის ინსტალაცია, გახმოვანების და სცენის დამონტაჟება, მარში დაიწყებოდა 19:00 საათზე თსუ-დან და პარლამენტთან უკვე იქნებოდა სიტყვით გამოსვლები და ის, რაც დაგეგმილი აქვს ალიანსს აქციისთვის.

მივიღეთ წერილი, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავადგილდეთ მარშით პარლამენტამდე, ჭიჭინაძის ქუჩამდე, მაგრამ იქით უკვე არის ის ტექნიკური სამუშაოები, რაც უნდა ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“ 28 მაისამდე. რას ატარებენ ამდენი ხანი, გაურკვეველია. თვითონ დაიბნენ, მერია რა პასუხს სცემდა და შსს რა პასუხს იძლეოდა. არ იქნება ჩვენი მხრიდან სერიოზული, რომ მათ მოწოდებებს, მათ უკანონობას დავემორჩილოთ, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ კონსტიტუციური უფლება გვაქვს, გავაპროტესტოთ იმ დღეს, როცა განცხადებას შევიტანთ. ცხადია, ხვალ ვეცდებით და დავდგამთ სცენასაც, გახმოვანებასაც და ეკრანებსაც, ჩვეულებრივად, როგორც გვქონდა დაგეგმილი. ცხადია გვაქვს გეგმა „ბ“ იმისათვის, თუ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სრული სახე გამოავლინა“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.