რუსეთი დიპლომატებსა და უცხოელებს კვლავ ემუქრება, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, - ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩი, კატარინა მატერნოვა სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადება ფარისევლობის შედევრს წარმოადგენს. რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში ბომბავს საცხოვრებელ შენობებს, მუზეუმებს, სამშობიარო სახლებს, სკოლებსა და ელექტროსადგურებს, ახლა მოულოდნელად „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა“ და „ჟენევის კონვენციების“ ენაზე საუბრობს“, - წერს ელჩი.
მისი თქმით, „რუსეთს შიშისა და პანიკის დათესვა სურს, თუმცა ეს არ იმუშავებს“.
„ევროკავშირი არსად მიდის. ჩვენ კიევში ვრჩებით. ჩვენ უკრაინის გვერდით ვრჩებით. დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ მუქარა სიძლიერის ნიშანი არ არის. ეს სასოწარკვეთის ნიშანია“, - აცხადებს ელჩი.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს“ დაარტყამენ. ასევე, უწყებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.