გიგი წერეთელი - საქართველო ჩემპიონობიდან „აუტსაიდერად“ იქცა, თუ აშშ იტყვის, რომ „არაფერი გამოდის“, ქვეყნისთვის მძიმე სურათი იქნება - Palitra News

გიგი წერეთელი - საქართველო ჩემპიონობიდან „აუტსაიდერად“ იქცა, თუ აშშ იტყვის, რომ „არაფერი გამოდის“, ქვეყნისთვის მძიმე სურათი იქნება

2026-05-25 23:00:19+04:00

ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგი წერეთელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს საქართველოსთან პარტნიორობა სურს, ხელისუფლების პოლიტიკა ურთიერთობებში სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციიდან „აუტსაიდერის“ მდგომარეობაში გადავიდა, მაშინ როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის სომხეთი, დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორები გახდნენ.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ კვლავ დაინტერესებულია საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობით, მთავარი დაბრკოლება „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა.

წერეთელის შეფასებით, აშშ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ხელის ჩაქნევა „მძიმე სურათს“ შექმნის.

„საქართველო, რომელიც ჩემპიონი იყო, ახლა არის "აუტსაიდერი". ვინც "აუტსაიდერი" იყო, ახლა არის ჩემპიონი, ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. ამერიკას, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ აქვს ინტერესი, კონკრეტულად ქვეყნის მიმართაც, სადაც ბევრი ინვესტიცია იყო, სტრატეგიული ურთიერთობა, პროდასავლური საზოგადოება, ამიტომ, მათ უნდა საქართველოსთან ურთიერთობა. ოღონდ, ამას აქვს დიდი ბარიერი, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან არის. ეს პოლიტიკა არ ეხება ოპოზიციის დევანს და რეპრესიას, აქ არის იდეოლოგიური განსხვავებები.

საბოლო ჯამში, ყველა კონფლიქტი, დაპირისპირება მოლაპარაკებებით სრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება, ოღონდ აქამდე უნდა მიხვიდე. თუ ქართულ კონტექსტში ვისაუბრებთ, პირველ რიგში, ეს არის „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სჭირდება პირობების შექმნა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. არ ვიცი როგორ განვითარდება, შეიძლება ამერიკის ადმინისტრაციამ თქვას, რომ არაფერი გამოდის და თავს დავანებებთ. ეს იქნება მძიმე სურათი“, - განაცხადა წერეთელმა.

მან ასევე ისაუბრა 26 მაისი აქციაზე და განაცხადა, რომ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებსაც შესთავაზეს დასწრება.

„ხვალინდელ აქციაზე დავპატიჟეთ დიპლომატიური კორპუსი. მათ იციან შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის განცხადების შესახებ. ჯერ ერთი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, საზეიმო დღეა. გვესმის, რომ დიდი დღეა, მეორეს მხრივ, პოლიტიკური აქციის დღეა. ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას. ადამიანებს ესმით, რომ ეს არის მხოლოდ ემოციური ნაწილი“, - განაცხადა წერეთელმა.