„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება - Palitra News

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

2026-05-26 08:44:25+04:00

დღეს, 26 მაისს, „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზატორი პარტიების ინფორმაციით, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან. საბოლოოდ, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა.

აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით “ოპოზიციურ ალიანსს” რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სცენის დამონტაჟება სურდა, თუმცა თბილისის მერიამ ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა. დედაქალაქის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია: “2026 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისში შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, როგორც საზოგადოებრივი ასევე არასაზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხვა ქუჩების დატვირთვას ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია. რაც შეეხება წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებს, სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების დამატებით შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაიმე სახის კონსტრუქციის (მათ შორის სცენის) მოწყობა ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე”, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორები პარლამენტთან სცენის დამონტაჟებას დღესაც შეეცდებიან.

თბილისის მერიის გარდა, აქციის რუსთაველის გამზირზე ჩატარების ნებართვა არ გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყებამ აღნიშნულის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა: “ორგანიზატორების მხრიდან წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან - მათ შორის არ იყო დაცული განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამასთან, განცხადებაში არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

შესაბამისად, ინიციატორებს ეცნობათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

შსს-სა და თბილისის მერიის პოზიციის მიუხედავად, “ოპოზიციური ალიანსი” გეგმების შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე 26 მაისს დაგეგმილი აქცია მაინც გაიმართება.