საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის მთავრობამ გადაწყვიტა, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა აღადგინოს. ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ბრძანება უკვე გაუგზავნა კომუნიკაციების სამინისტროს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თითქმის 90-დღიან ბლოკადას, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო იყო შემოღებული. მედია იუწყება, რომ ჰორმუზის სრუტე, შეიძლება, შეთანხმებიდან 30 დღეში გაიხსნას. მათივე ინფორმაციით, ამერიკული სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება და ირანული გაყინული აქტივების გათავისუფლება მოხდება, ხოლო ცეცხლის შეწყვეტა 60 დღით გაგრძელდება, რათა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის გამდიდრებული ურანის განადგურების გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მას გაანადგურებენ შეერთებულ შტატებში, ადგილზე, ან სხვა ლოკაციაზე. გარდა ამისა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ახალი იერიში განახორციელეს სამხრეთ ირანის სამიზნეებზე.