მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე, ამიტომ მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ და მისი გაძლიერებისთვის და განმტკიცებისთვის ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ.
“თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთააგონებენ, თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებებისა და ვნებების და ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთიანობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ”, - განაცხადა პატრიარქმა.