საქართველოში ოჯახების შემოსავალი და ხარჯი გაიზარდა - 2025 წლის სტატისტიკა - Palitra News

საქართველოში ოჯახების შემოსავალი და ხარჯი გაიზარდა - 2025 წლის სტატისტიკა

2026-05-26 13:37:04+04:00

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ოჯახების შემოსავლებიც გაიზარდა და ხარჯებიც. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საშუალო ყოველთვიური შემოსავალი ( როგორც ფულადი, ისე არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი ერთ სულზე 12.5 პროცენტით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა. საქსტატის მონაცემებით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითადი წყარო ფულადი შემოსავლები და ტრანსფერებია.ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო ყოველთვიური შემოსავალი ერთ შინამეურნეობაზე 12.9 პროცენტით გაიზარდა და 2 233 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებაში 11.3 პროცენტით გაიზარდა და 1 954 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.3 პროცენტი შეადგინა. თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.3 პროცენტს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.9 პროცენტი შეადგინა. გარდა შემოსავლებისა, 2025 წელს საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხარჯიც გაიზარდა, ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით 11.6 პროცენტით და 1 936 ლარი, ხოლო ერთ სულზე - 603 ლარი შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე მაღალია სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეული ხარჯი, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 38.7 პროცენტი შეადგინა.