პოლიციამ დააჯარიმა და ერთი წლის ვადით მართვის უფლება ჩამოართვა ავტომობილის მძღოლს, რომელმაც საპროტესტო აქციაზე აპარატურა მიიტანა - Palitra News

პოლიციამ დააჯარიმა და ერთი წლის ვადით მართვის უფლება ჩამოართვა ავტომობილის მძღოლს, რომელმაც საპროტესტო აქციაზე აპარატურა მიიტანა

2026-05-27 09:59:26+04:00

რუსთაველის გამზირზე გადასატანი ხმის გამაძლიერებელი ტექნიკის გამო სამართალდამცავებმა ავტომობილი ნიკოლაძის ქუჩაზე გააჩერეს. ოპოზიციური ალიანსის წევრის, თენგო თევზაძის ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე საპოლიციო ეკიპაჟი მივიდა, მძღოლი მანქანიდან გადაიყვანეს, ავტომობილი კი წაიყვანეს.

მისივე ცნობით, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდა და ერთი წლით მართვის უფლება ჩამოერთვა. თევზაძე ამ პროცესს პოლიტიკური ზეწოლის გამოვლინებად აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს.

მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე სცენისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეტანას ცდილობდნენ, თუმცა ამის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა.

თბილისის მერიამ რამდენიმე დღით ადრე პარლამენტთან სცენის მოწყობის მოთხოვნა დაუშვებლად მიიჩნია. გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებით, სატრანსპორტო ცვლილებებითა და დამატებითი შეფერხებების თავიდან აცილების აუცილებლობით ახსნა.