რუსეთი სომხეთს ენერგომატარებლებისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, მიზეზად კი ერევნის ევროკავშირთან დაახლოება სახელდება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა სომხურ მხარეს აცნობა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა 2013 წლის შეთანხმება ცალმხრივად გააუქმოს. გავრცელებული ცნობებით, შესაბამისი წერილი სომხეთს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილევმა გაუგზავნა. მოქმედი შეთანხმება ერევანს რუსული გაზის, ნავთობპროდუქტებისა და ალმასების შეღავათიან პირობებში მიღებას უზრუნველყოფს. ანალიტიკოსების შეფასებით, შეთანხმების შეწყვეტამ სომხეთის ეკონომიკას შესაძლოა მძიმე დარტყმა მიაყენოს, რადგან ქვეყანა ენერგორესურსების მიმართულებით რუსეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.