ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო - Palitra News

ირაკლი კირცხალია - „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო

2026-05-27 13:10:31+04:00

ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ვერასდროს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებასა და იმ ფასეულობების დაცვაზე ესაუბროს, „რომელიც 2011 წლის 26 მაისს თავად სისხლში ჩაახშო“.

„მოგეხსენებათ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა 26-მა მაისმა, ჩვენი დამოუკიდებლობის დღემ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი სხვა თვალსაზრისითაც გახლდათ აღსანიშნი. რადიკალურმა ოპოზიციამ, უსამშობლოებმა როგორც მათ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვუწოდებთ, ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, საპროტესტო აქცია დააანონსა. ყველას კარგად გვახსოვს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მათ ამ ნაბიჯზე, ნაბიჯზე, რომლითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათში არაფერია არც ქართული და არც სახელმწიფოებრივი. თუმცა უსამშობლოების ამ გადაწყვეტილებაში არაფერია გასაკვირი, თუ გავიხსენებთ რა ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, როცა მათი რეჟიმით უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეები, ასეულობით ადამიანი, რომელთაც ამის დაფიქსირება საჯაროდ გაბედეს, 4 მხრით გამოიმწყვდიეს, გასაქცევი არ დაუტოვეს და იმდენად ბრუტალურად გაუსწორდნენ, რომ ასეულობით დასახიჩრებულ ადამიანს პირდაპირ საავადმყოფოს იატაკზე ყრიდნენ. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა დანაშაულს, რომელიც რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაიდინა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქართული არაფერი სცხია და როგორც წარსულს, ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს. ტრაგედიაა, რომ ჩვენს ხალხს მოუწია ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც სულიკო ასათიანის და მისი მსგავსი დანაშაული საშინელებათა ფილმის სცენარი კი არა, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა იყო. ყოველდღიურობა რომელშიც არათუ რეჟიმის კრიტიკა, არამედ თავისუფლად საუბარიც კი დასჯადი იყო. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ის რეალური სახე, წესი და რიგი, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ - თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ. წარმოიდგინეთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულის შედეგადაც კი მოახერხეს, რომ ტერორით, მუქარითა თუ მოსყიდვით საზოგადოების მღელვარება ჩააცხრეს და რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში, ამ ყველაფრის დაკანონებასაც შეძლებდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კი დიდი დრო დაგვჭირდა, რომ სულიკო ასათიანის ოჯახის წერებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის არაადამიანობაზე და მათ მიერ ჩადენილ გაუგებარ ბოროტებაზე ხმამაღლა ესაუბრათ.

გამაოგნებელია, რომ ეს დანაშაულებრივი ძალა, რომელმაც ჩვენს ხალხს წლების განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოატარა, დღეს ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს. ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ვერასდროს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე. „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო. ეს არის უსამშობლო ძალა, რომელიც წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს ძალადობის, შიშის, ტერორის, უსამართლობისა და ადამიანის უფლებებისა თუ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლის ფეხქვეშ გათელვის ეტალონს საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ ყოველ ჯერზე მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს. არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სამართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას. არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის დაზიანების უფლებას", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.