გუშინ ხალხის რაოდენობა იყო იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდი - პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტის პარალელურად, ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ. შემდგომ დიდ შეკრებას აუცილებლად გეტყვით, ეს არ იქნება მოკლე ვადაში იმიტომ, რომ საკმაოდ კარგად გვაქვს გააზრებული ამ სამუშაოს სირთულეც, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით 26 მაისს გამართულ აქციაზე.
გიორგი ვაშაძის თქმით, გუშინდელი დღე შედგა.
„მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეთ და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ ნდობას არ გაგიმტყუნებთ არცერთ შემთხვევაში. „ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. ეს იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. ახლა, ვიწყებთ მეორე ფაზას საერთო ეროვნული მობილიზაციის, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. ეს გზავნილი მოდის ხალხისგან, სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენ ქუჩაში ვხვდებოდით და ვაკვირდებოდით, რა გზავნილი, განწყობა მოდიოდა ადამიანებისგან და ვფიქრობ, რომ სწორი გზავნილია იმ კამპანიის, რომელსაც ჩვენ გავააქტიურებთ, ალბათ, რამდენიმე დღეში.
მცირე მოსამზადებელი სამუშაოები გვექნება. მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის - მეტი, მეტი და ღრმა პირდაპირი კომუნიკაცია ქართველ ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი ურთიერთობა ხალხთან, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვტკივა მათი პრობლემები, კარგად გვესმის, რაც მათ აწუხებთ, ეს იქნება ფასები, ჯარიმები, ბავშვების წამალი, მძიმე ფონი მიგრაციისა და დემოგრაფიის კუთხით, მძიმე ეკონომიკური ფონის გამო გახლეჩილი ოჯახები. ჩვენ მეორე ნაწილში, პირდაპირი კომუნიკაციის გარდა აუცილებლად გვექნება ბევრი თემატიკა, რომელშიც ვაჩვენებთ ხალხს, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია აიღოს არამხოლოდ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, არამედ პასუხი გასცეს ყველა იმ პრობლემაზე და სწრაფად მოაგვაროს, რაც ხალხს ასე ძალიან აწუხებს. შევეცდებით, რომ ყველგან მივიდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ თბილისში ხალხთან, შემდეგი ეტაპი იქნება მთელი საქართველო. ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და „ოპოზიციურ ალიანსს“ შორის განსხვავება არის ის, რომ ალიანსს საზოგადოების გამთლიანება და ერთ მუშტად შეკვრა სურს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ „მათ გათითოკაცება და დაპირისპირება“.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, გუშინდელ აქციაზე „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებიც კი პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მათ არ სურთ ხალხთან საუბარი.
„მე „ქართული ოცნების“ არცერთ მხარდამჭერს არასდროს მოვიხსენიებ ისე, როგორც ისინი იხსენიებენ ჩვენ მხარდამჭერებს. ჩვენთვის ყველა არის საქართველოს მოქალაქე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, „ოპოზიციური ალიანსი“ იწყებს ახალ ფაზას.
„პირდაპირ გეტყვით, ჩემთვისაც გუშინდელი დღე იყო ტესტი იმისა, ვაგრძელებთ ბრძოლას, თუ სხვა რამ უნდა მოვიმოქმედოთ. ერთი მთავარი გზავნილი მივიღე გუშინ, ქართველი ხალხისგან - ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არავის არაფრის ეშინია, არავინ უკან დახევას არ აპირებს. არამხოლოდ ის, რომ ჯარიმებს ჩამოვწერთ და ყველა ამ უსამართლობას დავასრულებთ, არამედ პატიმრებს გავათავისუფლებთ და ყველა პრობლემას მივხედავთ.
რაც შეეხება გუშინ ხალხის რაოდენობას - იყო იმაზე მეტი, ვიდრე მე მოველოდი“, - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ ისაუბრა მძღოლზე, რომელსაც პოლიციამ მართვის მოწმობის უფლება ერთი წლის ვადით ჩამოართვა და 1000 ლარით დააჯარიმა, იმის გამო, რომ მას 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის" მიერ დაგეგმილ აქციაზე სასცენო მოწყობილობა შეჰქონდა.
„ბოდიში, მათთვის გასაგებ რუსულ ტერმინს გამოვიყენებ, როგორი „მელოჩნიკები“ არიან, რომ ეს პატიოსანი კაცი წაიყვანეს, დააჯარიმეს და ერთი წლით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. მადლობა ყველას, ვინც მიიღო ამ ადამიანისთვის ფინანსების შეგროვებაში მონაწილეობა. როგორც ვიცი, დაახლოებით 15 000 ლარი შეგროვდა, გავაგრძელოთ, იმიტომ, რომ მისი შემოსავლის წყარო იყო ეს მანქანა. აქ არ არის საუბარი ქირაზე, საუბარია იმაზე, რომ ფაქტობრივად, შემოსავლის წყარო წაართვეს ამ პატრიოტ კაცს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გარდა ამისა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა მოძრაობა „ჯერ საქართველოზე“- განიხილავს თუ არა „ოპოზიციური ალიანსი“ მათთან თანამშრომლობას.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან მომწონს ეს გუნდი, მათთან ურთიერთობა ნამდვილად მაქვს. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან შეკრებილები „ჯერ საქართველოში". მიხარია, რომ იყვნენ გუშინდელ აქციაზე. გამიხარდებოდა, რომ სხვა ჯგუფებიც ყოფილიყვნენ. მეტიც, სცენასაც დიდი სიამოვნებით დავუთმობდით ნებისმიერ ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელს. მიუხედავად იმისა, რომ ვინმე არ იყო გუშინდელ შეკრებაზე, ჩვენ მათთან საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ, შევძლებთ იმიტომ, რომ „ძალა ერთობაშია“ და ხალხს უნდა, რომ ერთ მუშტად შეკრული საქართველო ნახოს“, - განაცხადა ვაშაძემ.